вторник, 30 марта 2010 г.

ნიაზ დიასამიძე გახსენება

გახსენება


ირაკლი ციციშვილი

ახალგაზრდობა ბელინსკის ქუჩაზე გავატარე. ნიაზი ჩემი მეზობელი იყო და ბევრად ჩემზე უმცროსი ჩვენი სახლის ეზოში ხშირად თამაშობდა. მიუხედავად ასაკობრივი სხვაობისა, მეგობრები გახლდით.
დორიან კიტია, რევი ჩიქოვანი და სხვებიც ხშირად იკრიბებოდნენ ჩემთან. ნიაზს ასეთ დროს შინ ვერ გააჩერებდით. უსათუოდ გადმოვიდოდა, ჩამოჯდებოდა სადმე კუთხეში _ ხელს არ შეგიშლითო, გვეტყოდა და გასუსული გვისმენდა.
ნიაზს აბსოლუტური მუსიკალური სმენა ჰქონდა. ისე არ უკრავდა, როგორც ჩვენი და მისი თაობის ერთუბნელი ბიჭები. აქაც თავისი ხელწერა გააჩნდა.
საუბარი ყველაფერზე შეეძლო. არ არსებობდა საკითხი, თემა, რომელზედაც გაუჭირდებოდა მსჯელობა. როგორ საზოგადოებაშიც არ უნდა მოხვედრილიყო, თავი ყველგან ისე ეჭირა, როგორც მის არისტოკრატიულ წრეს შეეფერებოდა.
ყველაზე მეტად მისი დამახასიათებელი თვისება იუმორი გახლდათ. მისი ერთი ნაოხუნჯარი დღესაც მახსოვს:
ოჯახში ძიძა გვყავდა, მოხუცი რუსის ქალი, ანა ეფიმოვნა. ერთხელაც ნიაზს დაურეკავს მისთვის: მალე ტელეფონში მაღალი ძაბვა წამოვა და რომ არ გაფუჭდეს, სველ ტილოში გაახვიეო. ანა ეფიმოვნას დაუჯერებია ნიაზისთვის.
სახლში რომ მივედი, ტელეფონი მართლაც სველ ტილოში გახვეული დამიხვდა. მაშინვე მივხვდი, ვისი ოინიც იქნებოდა. . .
საოცრად კეთილი იყო ნიაზი. ტანთ გაიხიდა და სხვას ჩააცმევდა. რამდენჯერ ამოსულა ასე, ზამთარში უპალტოოთ ბელინსკის ქუჩაზე. ეს თვისება ბოლომდე გაჰყვა.




გიგა ლორთქიფანიძე

მე და ნიაზი ბავშვობისდან მოვდივართ. იგი ჩემი არათუ თანაკლასელი, საბავშვო ბაღელიც იყო.
უაღრესად ნიჭიერი პიროვნება გახლდათ; შეეძლო ურთიერთობა ყოველგვარი ინტელექტის მქონე ადამიანთან. ამ თავისთავში ჩაღრმავებულმა და ჩაკეტილმა კაცმა რატომღაც ცხოვრებაში ადგილი ვერ იპოვნა. უცნაურად მოკრძალებული გახლდათ. მარტოსული ბუნების კაცი იყო. მშვენივრად ფლობდა სომხურ და თურქულ ენებს. ჩემს დასთან, მარიკასთან, შეეძლო საათობით ესაუბრა საქართველოს ისტორიის სხვადასხვა საკითხებზე; ეს ისე, გულის მოსაოხებლად, თორემ ამ საუბრებს გამიზნული, პროფესიული თუ სამომავლო დანიშნულება არა ჰქონია. იგი თავის ცხოვრებით ცხოვრობდა ისე, როგორც ეცხოვრებოდა.
მახსოვს, ერთხელ ცერად უჯდა როიალს. ფეხი ფეხზე გადაედო, სიგარეტი პირის ცალ კუთხეში მოექცია და ისე უკრავდა. ხუთი წლის შემდეგ ერთი ამერიკული ფილმი ვნახე _ "ჯარისკაცის ბედი ამერიკაში" და ჩემს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა: იქ ერთ კადრში, ჯარისკაცი სწორედ ისე მიჯდომოდა და უკრავდა ფორტეპიანოს, როგორც ნიაზი 5 წლით ადრე...
ის გახლდათ აგრეთვე ჩვენი თაობის მოდელიორიც. ტანსაცმელის ახალ_ახალ მოდელებს თავად ქმნიდა. უსაყელო პერანგი თბილისში მან ჩაიცვა პირველად. ჰქონდა საოცარი შინაგანი გემოვნება.
ერთი კია, თავის მიერ ერთი ხელით გაკეთებულს მეორე ხელით ანადგურებდა. ერთხელ თაბაშირი მოიტანა და მშვენიერი ფიგურები გამოძერწა. ჩემს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, იმდენად ლამაზი ფიგურები შექმნა. მეორე დღესვე თავადვე დაამსხვრია!
იუმორის საოცარი გრძნობა გააჩნდა. რამდენიმე ნიმუშს მოვიყვან მხოლოდ:
მახსოვს, გამოცდებს ვაბარებდი თეატრალურ ინსტიტუტში ბ_ნ მიხეილ თუმანიშვილთან. ნიაზი დავინახე. მომიახლოვდა, აქ რას აკეთებო, მკითხა.
ვუთხარი: გამოცდებს ვაბარებ და მეშინია არ ჩამჭრან, სულ ოთხი ადგილია მეთქი.
_ ოთხი რა, "ლოტკაა" _ გაეღიმა და გამცილდა.
ერთხელ კინოთეატრ "სპარტაკიდან" გამოვდივარ, ვხედავ რუსთაველზე ნიაზი დგას. ფილმის ჟურნალი ალკოჰოლიზმთან ბრძოლას შეეხებოდა და ვურჩიე ენახა. მითხრა: "გიგა, ბიჭო, ეგენი სულელები არიან, რატომ აჩვენებენ მაგ ფილმს, ლოთი მანდ არ შევა, სხვებს კი რაში სჭირდებათო".
სახლიდან, რომელშიც ადრე ვცხოვრობდი, ყველანი რომ გავიკრიფებოდით, ბოლო გამსვლელი კარებში ტოვებდა წერილს: "გასაღები გიგიბერიებთანაა". იმ დღეს რამდენჯერმე ამოსულა ნიაზი. შემდეგ გასაღები გიგიბერიებისათვის გამოურთმევია და დამლოდებია. კარგა ხნის ლოდინის შემდეგ კარი ისევ დაუკეტავს, გასაღები გიგიბერიებისთვის ჩაუბარებია და წასულა.;
რომ დავბრუნდი, წერილი დამხვდა: "გასაღები გიგიბერიებთანაა". შევედი ოთახში და ვხედავ, ორი სკამი ერთმანეთზდე ჯაჭვითაა გადაბმული ხოლო ჯაჭვს ბოქლომი ადევს. იქვე მოკლე წერილიც იდო: "გასაღები შკაფის თავზეა".
ფილარმონიაში ლიტნაწილის გამგედ 3_4 წელი იმუშავა. ერთხელაც, ნოდარ ხუნწარიამ ფელეტონი მიუტანა. ფელეტონს ვრცელი შესავალი ჰქონდა. შესავლის შინაარსი ზუსტად არ მახსოვს, გათენება და ჩიტების ჭიკჭიკს შეეხებოდა. იუმორი კი გვიან, ფელეტონის ბოლოში იწყებოდა. ნიაზს უთქვამს, არ გვინდა ეს ჩიტები, პირდაპირ იუმორით დაიწყეო. ხუნწარია უარზე იდგა. ბოლოს ნიაზმა შეიცხადა _ კაცო! ჩიტები იჭიკჭიკებენ, აბა "დაკუდარას" ხომ არ ითამაშებენო.
ერთხელ ნიაზთან ვსვამდით. თითო ბოთლი ღვინო რომ დავლიეთ, ნიაზმა აიტეხა, ჟუჟუნასთან წავიდეთ და იქ გავაგრძელოთო. თავისი გაიტანა და წავედით. დარეკა ზარი და სტუმრობის საბაბად ჯარში წასვლა მოიმიზეზა_ წვევამდელი ვარ და უნდა გამოგემშვიდობოთო. შეწუხდნენ მასპინძლები, შემდეგ სუფრა გაიშალა. ვიქეიფეთ. აქეთობას ნიაზს ვუსაყვედურე: მაგ ხალხს თვალებში როგორღა უნდა შევხედო, ჯარში მართლა რომ არ მიდიხარ_მეთქი. მაგასაც ნახავ თუ არ შეხედავო, დამამშვიდა.
მეორე დღეს ისევ გამომიარა: წამოდი, ნაბახუსევზე გამოვიდეთო. ისევ ჟუჟუნასთან წავედით. სირცხვილით დავიწვი, მაგრამ ყოველგვარი წინააღმდეგობა ამაო გამოდგა. გაიღო კარები და მასპინძლებმა ზღურბლთან ნიაზი დაინახეს _ გამათავისუფლესო. კვლავ გაიწყო სუფრა, გაიშალა პურმარილი და ნაბახუსევზე გამოსვლა ქეიფში გადაიზარდა.
ჟუჟუნა ხუნდაძესთან ვიყავით სტუმრად. ნიაზს რაღაც თვალში არ მოუვიდა. ჟუჟუნას დედას უთხრა: ქალბატონო, ერთი ფოკუსი ვიცი, დაღონებული ბრძანდებით, ალბათ უქეიფოდა ხართ და ეს ფოკუსი ღიმილს მოგგვრით, კარგ გუნებაზე დაგაყენებთო. უიშვიათესი სუფრა ჰქონდათ ოჯახში. ითხოვა ნიაზმა მაკრატელი, სუფრა ჩამუჭა, თავი ამოუცურა და იგი თვითონ დიასახლისს გადააჭრევინა. ნიაზმა გადაჭრილ ადგილს ხელი დააფარა, სული შეუბერა, შემდეგ ხელი მოაშორა, კვლავ გადააფარა, კვლავ შეუბერა მაგრამ ძვირადღირებული სუფრა რა თქმა უნდა, არ გამრთელდა. სუფრის გამთელების ფოკუსი გადამავიწყდაო და გულშეღონებულ მასპინძელს იგი გაკოხტავებული დაუბრუნა.
ხშირად მეკითხებიან, თუ რა იქნებოდა ნიაზი დღევანდელი თბილისისათვის. ჩემი აზრით, არ შეიძლება ადამიანის საკუთარი დროიდან მოწყვეტა და მექანიკურად მისი დღევანდელობის ფონზე აღქმა. ვიმეორებ, ეს იყო თავისუფალი კაცი, რომელიც მაშინდელ ცხოვრებას ამშვენებდა და ალამაზებდა.



თემო ნაცვლიშვილი

ნიაზს ბავშვობიდანვე ვიცნობდი. მრავალმხრივი ნიჭით იყო დაჯილდოებული. იცოდა რამდენიმე უცხო ენა, უკრავდა შესანიშნავად, ძერწავდა. მის მიერ გამოქანდაკებული ბეთჰოვენი მქონდა და დროის უკუღმართობით სადღაც დამეკარგა. შესანიშნავ იუმორს ფლობდა. აი, ზოგიერთი მათგანი, რომელიც დამამახსოვრდა.
ცნობილ არმენოლოგთან, ლეონ_მელიქსეთ-ბექთან გამოცდა ჰქონია. პროფესიორს თურმე, ხშირად ბილეთებს ჰპარავდნენ და ეს თავადაც კარგად იცოდა. ამიტომ ქაღალდები ბილეთების მსგავსად დაუჭრია, დაუწერია ზედ ნომრები და მაგიდაზე დაულაგებია. სტუდენტები ჯერ ამ ნომრიან ქაღალდებს იღებდნენ, ხოლო შემდგომ ბატონი ლეონი შესატყვის ბილეთს იძლეოდა.
ნიაზს აუღია ნომერი, ლექტორსაც ბილეთი ამოუღია პორტფელიდან, მიუწოდებია, მაგრამ ნიაზს არ სცოდნია და გამოუცვლევინებია. პასუხი ვერც მეორე ბილეთზე გაუცია და გამომიცვალეთო, _ კვლავ უთხოვია პროფესორისათვის, გამომცდელს ნება დაურთავს, მაგრამ გაუფრთხილებია, ყოველ გამოცვლილ ბილეთზე ნიშანი დაგაკლდებაო.
ნიაზს არც მესამე ბილეთის საკითხი სცოდნია, დაუბრუნებია და თავისთვის ჩაულაპარაკნია: ბატონო პროფესორო, გამოცდაზე ვართ თუ ლოტოს მეთამაშებითო. მომხდარა სასწაული: იუმორის ყადრის მცოდნე პროფესორს ნიაზისათვის მატრიკული გამოურთმევია და შიგ ოთხიანი ჩაუწერია.
წყნეთელებთან მეგობრობდა, თამბაქო მაშინ ძნელი საშოვარი იყო. წყნეთელი ბიჭები თამბაქოს ძებნაში ნიაზს წასწყდომიან, მასაც დახმარება აღუთქვამს, მეც იქ ვშოულობო და საკუთარ სახლის მისამართი მიუცია.
წყნეთელებიც თურმე მამამისს სულეიმანს მიადგნენ კარზე.
მსგავსი ოინი მოუწყო ერთ დაქალს, ყორღანოვის ქუჩის ბინადარ მარინე ტყემალაძეს. გაზაფხულზე ხეხილის ნერგების მაძიებელ წყნეთელებს მიასწავლა: ტყემალაძეები არიან და იშვიათი ჯიშის ნერგებს ყიდიანო. და ისინიც ყორღანოვის ქუჩაზე დაეშვნენ.
მარინეს დედა "სვეტსკი" ქალბატონი ბრძანდებოდა და კარს მიმდგარი ტყემლის ნერგების თავდაჯერებული მუშტრები რუსულად მოიშორა: რამ გადაგრიათო. . .
მახსოვს, შალვა კვინტრაძესთან ვიკრიბებოპდით ხოლმე. შალვას მეზობელი ჰყავდა, ვინმე კომუნარ ციკოლია, სოფელ გაჭედილიდან. ციკოლიას და ნიაზს ერთხელ კამათი მოუვიდათ. კამათი ჩხუბში გადაიზარდა. პირველად ვნახე ნიაზის გალახული კაცი. ამის მერე მისი ჩხუბი არ მინახავს. ნაცემს ბოლოს ისევ გულაჩუყებული ნიაზი მიეფერა, მოუბოდიშა, _ თუ გინდა დაგიჩოქებ, შემინდე, ჩხუბი სულაც არ მნინდოდაო და მართლაც დაუჩოქა. კომუნარი თავს იმართლებდა, გრძელი ხელები რომ არ გქონდეს, ვერ მომერეოდიო, შემდეგ სადღაც წასულან და შერიგება აღუნიშნავთ.
ადრე მელიქიშვილის ქუჩაზე ვცხოვრობდი, ელისაბედ ორბელიანის სახლში, შვილს ეტლიანი ცხნი ვუყიდე. ვხედავ, ერთხელაც, ნიაზი შიგ ჩაკვეხებულა, გადაუკიდია მხარზე პაპაჩემის ფილთა თოფი და მიჰყავს ცხენი რის ვაივაგლახით. ვკითხე _ საით გაგიწევია მეთქი. მიპასუხა: ნაძლევი მაქვს დადებული, უნივესიტეტამდე უნდა მივიდეო.
მისი სახლის პირდაპირ ლია ელიოზიშვილი ცვხოვრობდა. მამამისის პანაშვიდზე ვიყავით . ერთი ჩვენი ნაცნობი მომღერალი იმ დღეს ოპერაში მღეროდა. ანშლაგი იყო.
_ ანშლაგია, ნიაზ, წამოხვალ? _ წავჩურჩულე.
_ ეხლა, შენ წარმოიდგინე თემო, მე რომ ვიცეკვო "გედების ტბაში" ანშლაგი არ იქნებაო?! _ მითხრა ისე ხმამაღლა, რომ დამწუხრებულ ახლობლებსაც კი ღიმილი მოერიათ.
ერთ დილას ნიაზი მეძახის:
გადავხედე, ამოდი მეთქი _ შევთავაზე. არ ამოვიდა, კაშნე მათხოვეო, მითხრა. ჩავუგდე, წავიდა.
იქვე, პეტრიაშვილის ქუჩის კუთხეში ტანც-გეორქას დუქანი იყო. იქ ჩასულა თურმე და დაულევია. ნახევარი საათის შემდეგ ისევ მეძახის:
_ აი, კაშნე და ცერა, საჩვენებელი და შუა თითების კომბინაცია დამანახა.
ერთი "ზამშეს" ქურქი ჰქონდა, თავის ხელით შეკერილი. ქვემოთ შემოყოლებაზე დაჭრილფოჩიანი. ერთხელ მინდია თავაძე შეეხვეწა, სანადიროდ მივდივარ და მათხოვეო.
_ ვა! მე ამ ქურქით ოპერაში დავდივარ და შენ სანადიროდ როგორ გათხოვოო _ უარი სტკიცა ნიაზმა.
ერთხელ ზომაზე მეტად მთვრალ ნიაზთან დედამისი კალერია მისულა.
_ შვილო, ნიაზ, დედა ვარ, დედა, ვეღარ მცნობო?
_ დედა ხარ, თორემ შენც რუსთაველის დედა არ იყოო, _ ამოულუღლუღია ნიაზს.
ქალბატონმა კალერიამ სადღაც გაიგო სოკოჩაყრილი არაყი მსმელს არაყს აზიზღებსო. მანაც შეამზადა ეს ყველაფერი და ღამით მძინარე ნიაზს თავთით დაუდგა. დილით ნიაზმა დალია. რამდენიმე ხანში დადარაჯებული კალერიაც შევიდა ნიაზის ოთახში. შვილი, როგორც ჩანს მიუხვდა ოინს და შესვლისთანავე მიაძახა: სოკო შემზიზღდა, დედი, და არაყი კი, პირიქით, შემიყვარდაო.
ერთხელ ნიაზს ჩემოდანი ეჭირა ხელში და მიდიოდა. გააჩერა უცნობი, დამიკავეთო, სთხოვა, ახლავე მოვალო. წასულა, მობრუნებულა და ის უცხო უცდის ჩემოდნით ხელში. ჰკითხა თურმე: ეს ჩემოდანი თქვენიაო? როგორ გეკადრებათო, _ უთქვამს მას _ ახლა არ მომაბარეთო?! აქეთ ნიაზი შეჩენია, არ მომიბარებიაო და დიდხანს ამყოფა ის კაცი ასე თავის ჩემოდნით ხელში.
ბელინსკის ქუჩის დასაწყისში თორნიკე დუმბაძე ცხოვრობდა. ნიაზის ნათესავი იყო. ძმა ჰყავდა დიდთავა, ბომბორას ვეძახდით.
_ ბომბორ! _ შესძახებდა ნიაზი შუაღამისას, _ რომელ მხარეს გეძინა?
_ მარჯვენაზე.
_ მარცხენახე გადაბრუნდი, _ დამოძღვრავდა ნიაზი და გზას განაგრძობდა.
გაუხარელი ბავშვობა ჰქონდა, ისეთი, ხშირად ნიჭიერებს რომ ებედებათ ხოლმე. 25 _ ე სკოლაში სწავლობდა. რაღაცის გამო გამორიცხეს. ხომ იცით ადრე რა არ ხდებოდა, მივიდა პეტრიაშვილზე რომ სკოლაა, იქ. შევიდა დირექტორთან, უთხრა, გადმოსვლა მინდა თქვენს სკოლაშიო, მიმიღებთო?
_ სიამოვნებით, მაგრამ ადგილი არა მაქვსო, მიუგო დირექტორმა.
მეორე დილით ნიაზმა მოჰკიდა მერხი მუშას და მიადგა სკოლას თავისი მერხით და ადგილით.
ნიაზი რომ უკრავდა, ისეთი დაკრული მე არ მომისმენია. ცალ ხელზე შუათითი და არათითი გაფუჭებული და მუდამ მოხრილი ჰქონდა. მაინც გასაოცრად უკრავდა, ამასთან _ პატიოსნებისა და წესიერების განსახიერება იყო, მით უფრო აკლია დღეს იგი თბილისს. ბოლო დროს მაინც სულ პატარა ბიჭუნები დაიძმაკაცა. . . მე და გურამ ასათიანმა ლოთებს გამოვგლიჯეთ მისი კუბო ხელიდან, როცა სამარეში უშვებდნენ.


ნანა კანდელაკი

დილიდან კოკისპირულად წვიმდა. ციოდა, მაგრამ "ნიანგის" რედაქციაში ეს შედარებით არ იგრძნობოდა, რაკიღა "ზარიას" შენობას ჯერ კიდევ ათბობდნენ. ყველანი თავშეყრილები ვიყავით ჩვენს ოთახში, ვმუშაობდით მორიგ ნომერზე. მერე შესვენების დრო მოვიდა, ბიჭები აიშალნენ და პურის საჭმელად წავიდნენ.
ოთახში მარტო ვიყავი, პალტოწამოსხმული ვიჯექი და შემოსულ წერილებს ვკითხულობდი.
მოულოდნელად კარი გაიღო და ნიაზ დიასამიძე შემოვიდა. მოკლე ლაბადა ეცვა, მთლად გალუმპულიყო წვიმისაგან, მაგრამ საგარეოდ გამოწყობილი მაინც პეწიანად გამოიყურებოდა.
მომესალმა, ლაბადა გაიხადა, რადიატორთან სკამზე გადაჰკიდა და დარდიმანდულად ჩაჯდა სავარძელში, რომელიც მოსე ქარჩავას სკამს უკან იდგა.
_ არ მოგწონვართ? _ ცნობისმოყვარეობით მკითხა, _ რატომ მიცქერით ღიმილით?
_ პირიქით, ძალიან მომხიბლავად გამოიყურებით დღეს და სიამოვნებით გიცქერით.
ნიაზმა დაიხედა საგანგებოდ გაწმენდილ და გაუთოებულ კოსტუმზე და თავმომწონედ მითხრა:
_ დაპატიჟებული ვარ დღეს ერთ "ვარიანტზე"... დაბადების დღეს იხდის ერთი ლამაზმანი... კარგი სუფრა იქნება. მე რომელი მჭამელი ვარ, მაგრამ საინტერესოა მაინც იმ "ვიში სვეტის" საზოგადოებაში მოხვედრა.
_ ჰალსტუხი რომ არ გიკეთიათ?
ნიაზმა დახედა პერანგს და ხელი ჩაიქნია.
_ დამავიწყდა გაკეთება, მაგრამ "პრინციპში"... არ მიყვარს ჰალსტუხი. ზიზილპიპილოა.
_ მამაკაცს რომ ამშვენებს?
ნიაზმა ისევ დახედა პერანგს და უცებ თქვა:
_ ხომ არ გეწყინებათ, ნახევარი საათი რომ წავთვლიმო? მინდა სახე ცოტა დავასვენო.
_ კი ბატონო, დაისვენეთ.
_ ნოდარის პალტო რომელია? _ საკიდს გახედა, თვალით ნოდარის პალტოზე მივანიშნე, ნიაზმა ჩამოიღო, მოიხურა და სავარძელზე წამოწვა.
მალე ბიჭებიც დაბრუნდნენ. ნიაზს პირ-სახე კი ჰქონდა დაფარული, მაგრამ ნოდარმა იცნო, ახმაურდა _ რაო, "ვიტრეზვიტელი" "ნიანგში" გადმოიტანესო?
_ მესმის ნოდარა, _ მოისმა ნიაზის ხმა.
_ რომ გესმის, იმიტომაც ვთქვი. რა ამბავია? ამ ქალის მაინც არ მოგერიდა?
_ ქალბატონმა ნანამ, ნება დამრთო, _ შეეხმიანა პალტოწახურული ნიაზი.
_ მართალია, _ მეც შევაწიე სიტყვა.
_ აბა, იძინე, _ თქვა ნოდარმა და ხელით მანიშნა, ნასვამიაო. მე თავი გავაქნიე და განგებ ხმამაღლა ვთქვი:
_ დაბადების დღეზე მიდის და უნდა, რომ საღ-სალამათად გამოიყურებოდეს.
_ ახლა მაინც არ გაჩუმდები? _ ვერ მოისვენა ნიაზმა.
ყველა გაისუსა, ბოლოს ისევ ნოდარმა ჩაილაპარაკა ხმადაბლა:
_ რაკი ასეა საჭირო დასვენება, კი... დაიძინე, ხელს არ შეგიშლით, _ უჯრიდან წიგნი ამოიღო და კითხვას შეუდგა. მოსემაც თავის საქმეს მიხედა, გარი და ანზორი ოთახიდან გავიდნენ.
ნიაზს ალბათ ნახევარი საათი ეძინა, მერე წამოდგა, ლაბადაში ხელი გაუყარა, დაგვემშვიდობა და წავიდა.
რამდენიმე დღის შემდეგ ნიაზი ისევ გვესტუმრა, მე მინდვრის ყვავილების კონა მომართვა, ნოდარის მაგიდაზე ორი ფურცელი დაუდო, თემებია კარიკატურებისთვისო, მაგიდასთან დაუჯდა და პაპიროსი სთხოვა.
_ ძამა, _ ცერად გახედა ნოდარმა, მაგ თაიგულის ყიდვას, ერთი კოლოფი პაპიროსი გეყიდა, არ ჯობდა?
_ ვინ დააბრალა ამას, პოეტიაო? _ გაავებით ისროლა ნიაზმა და უმალვე მიგვატოვა.
_ გეხუმრე, შე გლახა, მობრუნდი, ნიაზა! _ დაადევნა სიცილი ნოდარმა, მაგრამ ნიაზი აღარ დაბრუნებულა. მეორე დღეს მოვიდა და ნოდარს მაგიდაზე ხუთი "პაჩკა" "პრიმა" დაუდო.
_ რა არის ეს, ნიაზა, ამის მათხოვარი ვარ მე?! _ სიცილი დააყარა ნოდარმა.
_ შენ რა, არ გესმის, რას ნიშნავს "პრიმა"?! _ მხრები აიჩეჩა ნიაზმა.
_ "პრიმა" კარგი სიტყვაა. მაგრამ სიგარეტია ბითური.
_ ეს უკვე ჩემი ბრალი არაა. მე სახელის ეშხით ვიყიდე.
_ კარგი ხვითო ხარ, გიცნობ, _ თქვა ნოდარმა და ერთი სიგარეტი მაინც გააბოლა, ნიაზს შეხედა და წინდღით მოტანილი თემები მოუწონა. _ ნაღდად წავა, ნიკოს აჩვენე, დააწეროს მხატვარს.
_ არ წავალ! თუ მართლა მოგწონს, თვითონ წაუღე.
_ გაიგე, ის არის რედაქტორი, მე მოადგილე ვარ. ჟურნალს ის აწერს ხელს.
_ შენ მოადგილეობას "ბლატის ფლაგები" დაეხა?! ნაღვლიანად გაეღიმა ნიაზს. ხელი აღმართა, "პაკა!" _ წამოიძახა და ჩქარი ნაბიჯით გაგვეცალა.
_ ვკვდები მაგის საცოდაობით, _ ამოიოხრა ნოსდარმა, _ ეგ სხვა დროში ცხოვრობს, მოვლენებს სხვაგვარად უყურებს და აღიქვამს... ნიჭიერია, მაგრამ უიღბლო.
_ ჰო, იღბალი არ სწყალობს, საცოდავი ბიჭია, _ ჩაილაპარაკა მოსემ.
_ მე კი მგონია, ეგ ყველა ჩვენთაგანზე გაცილებით ბედნიერია. და იცით რატომ? თავისუფალია! ეგ წერს, მღერის და აკეთებს იმას, რაც სიამოვნებს, რაც თვითონ ნებავს. ბედი, ბედი! _ გავიძახით. მართლაც, ბედი ბევრსა სწყალობს, მაგრამ წავლენ ამ ქვეყნიდან და კვალიც იშლება მათი. ეს კი დარჩება, თუნდაც მოგონებაში.
ნოდარი და მოსე გაოცებით მომაჩერდნენ. მოსე მხრებში აიწურა, ფიქრებში დაძირულმა ნოდარმა კი ჩაილაპარაკა:
_ მართალი ხარ, მაგრამ ეგ მაინც უიღბლოა. იღბლიანი კაცის კვალი სხვაგვარია, _ სარკმლიდან მთაწმინდას გახედა, მერე ხელი დაავლო ნიაზის მოტანილ ფურცლებს და სწრაფი ნაბიჯით გავიდა ოთახიდან.

P. შ. ეს ჩანაწერი ახლახანს ვიპოვნე ჩემს არქივში, ფანქრით ნაწერი ფურცლები დროჟამს გაეყვითლებინა. ვიფიქრე, ნიაზზე რაც ითქვა, დასაკარგავი არ არის, მეთქი...

ნიაზი ჩემთან უყვავილოდ არ შემოსულა და "ქალბატონო" რომ არ ეთქვა, ისე ჩემთვის არ მოუმართავს. ხარაიძეს და ჩემი კურიოზი ხომ გახსოვთ, ექვსი თვე როგორ მატყუეს, გურამი ქურთიაო, მეც როგორ მებრალებოდა კარგად მოქართულე ეს ქურთის ბიჭი და როგორ ვაძლევდი ყოველ დღე ორ ან სამ მანეთს. ეს ფული მაშინ სოლიდურ თანხად ითქმოდა. გვარიანად დანაყრდებოდა 2 ან 3 კაცი. ექვსი თვის თავზე გამჟღავნდა ხარაიძის ქართველობა. იმ, თუ მეორე დღეს (ვერ ვიხსენებ) ნიაზი შემოვიდა. მითხრა: წინასწარ გეგმავდნენ ამ სპექტაკლს. ხარაიძის ადგილზე სირცხვილით დავიწვოდი, როგორ იკადრა ან როგორ გაკადრა ასეთი რამ _ "პლებეი ნისჩასტნიო" ეს რუსული ფრაზა უყვარდა და ხშირად წარმოთქვამდა.
ხალას იუმორს ფლობდა ნიაზი. უხვად აფრქვევდა ირგვლივ.
ნიაზი და ნოდარი ხასიათებით განსხვავდებოდნენ. ნოდარი იხუმრებდა და მერე თავისივე ხუმრობაზე სიცილით იგუდებოდა, ნიაზი უფრო "სერიოზული" გახლდათ, იანგლებდა, სიცილით მოგკლავდა, ტუჩზე კი ღიმიც არ შეუთამაშდებოდა.
ნიაზს ნოდარის რიდი ჰქონდა და მასზე ბევრად თავშეკავებული, მაგრამ ამასთან პრინციპულიც იყო. იგი ადამიანებს საოცარ პატივს სცემდა. ჩვენი თაობა მისი ხუმრობით შეურაცხოფილ ადამიანს ვერ გაიხსენებს.
დილით, ის იყო რედაქციაში მოვედი, ბატონმა ნიკო შველიძემ _ მაშინდელმა "ნიანგის" რედაქტორმა _ ნოდარი, მოსე ქარჩავა, გარი მეტრეველი, ანზორ ტაბატაძე, მიშა კუხალეიშვილი და ნოდარ მალაზონია დავალების მისაცემად კაბინეტში გამოიძახა. მაშინ "ნიანგის" რედაქცია "ზარია ვოსტოკას" შენობის მეხუთე სართულზე გახლდათ და რედაქტორისა და მდივან_მემანქანის გარდა, ყველა თანამშრომელი ერთ დიდ ოთახში ვმუშაობდით.
ნომრის მორიგე ვიყავი და ანაწყობს გვერდებში ვკითხულობდი.
საქმით გართულს კარზე მორიუდებული კაკუნი მომესმა.
_ ღიაა, შემობრძანდით, _ გავძახე და მუშაობა განვაგრძე.
ოთახში ვეებერთელა დოგი შემოვიდა, შემომხედა და წინ დამიჯდა, იატაკზე.
რედაქციაში დოგის გამოჩენა იმდენად მოულოდნელი იყო, რომ აღშფოთებულმა წამოვიძახე: ამ რედაქციას მხეცის სახელი კი ჰქვია, მაგრამ ჯერ აქ სამხეცე არ გახსნილა! რას ჰგავს ეს?
_ ქალბატონო ნანა, მაპატიეთ, ნოდარის შეშინება მინდოდა, ამიტომ გესტუმრეთ ძაღლით...
იმ ხანებში ნიაზმა რამდენიმე თემა მოგვიტანა დასახატად, დავბეჭდეთ მისი იუმორიც. არ მინდოდა შემდგომში საქმე გაფუჭებოდა და მეგობრულად ვურჩიე, სასწრაფოდ გასცლოდა იქაურობას, სანამ ბატონი ნიკო მისი ძაღლით სტუმრობის ამბავს გაიგებდა.
ნიაზმა დამიჯერა, მაშინვე წავიდა.
ბიჭები რომ ოთახში დაბრუნდნენ, ვუამბე, რაც მოხდა.
ნოდარი სიცილით იგუდებიოდა:
_ მე გავაბრიყვე ნიაზა. ვუთხარი, რედაქციაში ძაღლით თუ მოხვალ, ხუთ მანეთს ვდებ_მეთქი, მაგრამ ის აქ არ მინახავს ძაღლით და ათი მოწმეც რომ დამაყენოს, კაპიკსაც არ დავდებ.
_ შენ რა პირობა დაუდე, ეგ მე არ ვიცი, მაგრამ ის ხუთი მანეთი მე დამცინცლა ნიაზმა. ასე მითხრა: ნოდარის კაი ხანია მართებსო და რო მოვა, შენ გამოართვი ის ხუთი მანეთიო.
ახლა ბიჭებმა ატეხეს სიცილი, ესეც შენაო.
ნოდარი აიწურა, ფული მაშინვე დამიბრუნა და ნირწამხდარმა თქვა:
_ ესეც იღბალია: ამ ჩემს ხუმრობაში რასაც ვიღებ, ეგრევე ხუმრობებში მიდისო...